2021-04-16
საბალანსო ბაზრის მართვასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში ელექტროენერგიის საბალანსო ბაზრის გახსნასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სსე-ის თანამშრომლებთან ერთად „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“, „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“-ს, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს და „თელასი“-ს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე, რომლის მიზანს საბალანსო ბაზრის მართვის სისტემაში (MMS) ელექტროენერგიის აღრიცხვის მონაცემების მიწოდების საკითხის განხილვა წარმოადგენდა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კომერციისა და ელექტროენერგიის აღრიცხვის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია „დატვირთვის პროფილების მეთოდების მიხედვით მონაცემთა გენერირების პროგრამის“ პროექტის შესახებ. მონაწილეებმა განიხილეს დატვირთვის პროფილები, იმსჯელეს საბალანსო ბაზრის მართვის სისტემაში ინფორმაციის მიწოდების ოპერატიულობისა და სრულყოფის საკითხებზე. „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს წარმომადგენელმა გააკეთა პრეზენტაცია ელექტროენერგიის მოხმარების პროგნოზირებისა და ფაქტიური მოხმარების საათობრივი ჩაშლის შესახებ.
ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი, გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო, რაც ხელს შეუწყობს მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვას ენერგეტიკის სფეროში.