ახალი ამბები

2021-12-08 

საქართველოსა და სომხეთის დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტი

საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“ ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იაკობ ვარდანიანი, „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი“ უჩა უჩანეიშვილი, USAID/საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ ხელმძღვანელი ირინა მილორავა და „ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი“-ს გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი.

სამუშაო შეხვედრაზე სომეხმა და ქართველმა კოლეგებმა განიხილეს საქართველოსა და სომხეთის ენერგოსისტემებში არსებული მდგომარეობა. ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული ბაზრების ფუნქციონირებაზე, რომლებიც საქართველოში 2022 წლიდან ამოქმედდება.

შეხვედრის ფარგლებში გაიმართა საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის ხელმოწერის ცერემონია. ხელშეკრულებას ქართული მხრიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა უჩა უჩანეიშვილმა, ხოლო სომხეთის მხრიდან „ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“ და „მაღალი ძაბვის ელექტროქსელების“ დირექტორებმა მნაცაკან მნაცაკანიანმა და აიკ არუთინიანმა მოაწერეს ხელი.

ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა პროექტის რეალიზაციის ვადების კუთხით განხორციელდა. გადაიწია, როგორც ახალი 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „მარნეული - აირუმი“ მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შესვლის, ასევე მუდმივი დენის ჩანართებისა და თანმხლები ინფრასტრუქტურის მონტაჟის ვადებმა.

ახალი სისტემათაშორისო გადამცემი ხაზი კიდევ უფრო გაზრდის საქართველო-სომხეთს შორის ელექტროენერგიის გადადინების მოცულობასა და ენერგოუსაფრთხოების ხარისხს. ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის მხრიდან ელექტროგადამცემ ხაზზე დამონტაჟდება ძვირადღირებული, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა – ორი 350 მეგავატის სიმძლავრის მუდმივი დენის ჩანართი, რაც სრულად უზრუნველყოფს ელექტროენერგიის მიმოცვლის რეგიონულ საჭიროებებს.

„საქართველო-სომხეთის დამაკავშირებელი ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობა მნიშვნელოვანია ორი ქვეყნის ენერგოსისტემის გაძლიერებისთვის. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან სომხეთის რესპუბლიკიდან და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი წარმატებით დასრულდება“,- განაცხადა უჩა უჩანეიშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა მოინახულეს სსე-ის სასწავლო ცენტრი და ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, სადაც პირდაპირ რეჟიმში გაეცნენ საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის ფუნქციონირებისა და მართვის პრინციპებს.

saqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-1-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-2-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-3-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-4-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-5-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-6-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-7-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-8-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-9-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-10-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-11-small.jpgsaqartvelosa-da-somxetis-damakavshirebeli-egxs-msheneblobis-proeqti-12-small.jpg

კომუნიკაცია