2021-05-13
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ აშშ-ს ენერგეტიკული ჯილდო მიიღო
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის ასოციაციის (USEA) „წლის საერთაშორისო პარტნიორის“ ჯილდოს მფლობელი გახდა.
ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული მიღწევების აღსანიშნავად, ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის ასოციაცია ყოველწლიურად მასპინძლობს ასოციაციის წევრების შეხვედრას და საჯარო პოლიტიკის ფორუმს, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ენერგეტიკული და მოხალისეობრივი საქმიანობისთვის დაწესებული ჯილდოების გადაცემის საზეიმო ღონისძიება. 2021 წელს, პირველად ამ ორგანიზაციის ისტორიაში, დაჯილდოების სიას დაემატა ახალი ნომინაცია „წლის საერთაშორისო პარტნიორი“, რომელიც 2021 წლის 6 მაისს, ევროპასა და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში გაწეული ხანგრძლივი და წარმატებული თანამშრომლობისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს გადაეცა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ენერგეტიკის ასოციაციასთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, როგორც საქართველოს ენერგოსისტემის შემდგომი განვითარების, ასევე სამხრეთ კავკასიისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავების უზრუნველსაყოფად.