2021-04-15
ტაჯიკეთის ელექტროენერგეტიკული კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტი სსე-ში
დღეს, 15 აპრილს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისს ტაჯიკეთის სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული კომპანიის (OSHC Barki Tojik) წარმომადგენლები ესტუმრნენ. ვიზიტის მიზანს ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის დანერგვასთან დაკავშირებული დეტალების განხილვა და ქართული მხარისგან გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
ვიზიტის ფარგლებში, სსე-ის თანამშრომლებმა უცხოელ კოლეგებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მარნეულის ქვესადგურიც დაათვალიერებინეს, სადაც დამონტაჟებულია დაცვა-მართვისა და ვიდეო-მონიტორინგის უახლესი სისტემა. OSHC Barki Tojik-ის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის მუშაობის პრინციპებს, შეაფასეს მისი გავლენა ქსელის საიმედოობასა და მდგრადობაზე.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა პირველად 2011 წელს დაინერგა და მისი განახლება-გაფართოება რამდენჯერმე განხორციელდა. შედეგად, მნიშვნელოვნად ამაღლდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობა და მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის ექსპორტ-იმპორტის საიმედოობა.