ახალი ამბები

2022-09-06 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს საერთაშორისო სიმპოზიუმზე

საფრანგეთში ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სიმპოზიუმი გაიმართა, რომელშიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა და CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამუზაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

სიმპოზიუმზე განხილული იყო თანამედროვე ელექტროენერგეტიკული სისტემების ისეთი მნიშვნელოვანი გამოწვევები, როგორებიცაა: განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაცია, ელექტროენერგიის ეფექტურად გამოყენება, დივერსიფიცირების გზები და მეზობელ ქვეყნებთან ენერგეტიკული კავშირების გაძლიერება.

CIGRE - საქართველოს წარმომადგენლებს დათმობილი ჰქონდათ სადისკუსიო პანელი, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ამჟამინდელი გამოწვევები და სამომავლო განვითარების გეგმები.

სიმპოზიუმის ფარგლებში, გიორგი ამუზაშვილმა მონაწილეობა მიიღო CIGRE-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ტექნიკური საბჭოს შეხვედრაში, დაესწრო სესიებს გადამცემი ქსელის განვითარების, ოპერირებისა და ეკონომიკის ასპექტების შესახებ. გამართა სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებთან, მათ შორის Siemens-თან სარელეო დაცვის პროგრამების გაუმჯობესების საკითხებზე, SEL-თან და General Electric-თან.

ვიზიტი ასევე მოიცავდა შეხვედრას რუმინეთის გადამცემი ქსელის ოპერატორის მენეჯმენტთან, სადაც განხილული იქნა საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის სამომავლო პერსპექტივები.

2018 წლიდან, "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" ინიციატივით, ფუნქციონირებს CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი, რომელიც პირველი ეროვნული კომიტეტია რეგიონის მასშტაბით და მის ძირითად ფუნქციას საქართველოს ენერგოსისტემის შესახებ ელექტროენერგეტიკულ სამეცნიერო წრეებში ცნობადობის გაზრდა და ევროპელი და ქართველი ინჟინრების დაახლოება წარმოადგენს.

Cigre 2022 S1.jpgCigre 2022 S2.jpgCigre 2022 S3.jpg

კომუნიკაცია