2022-05-31
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია, „ენგურჰესი“-ს გენერალური დირექტორი ლევან მებონია და სხვადასხვა ენერგეტიკული უწყებების წარმომადგენლები და ექსპერტები.
შეხვედრის მიზანს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებითა და ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით აღებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშის წარდგენა წარმოადგენდა. გაკეთდა მოხსენება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებებისა და დარგში არსებული გამოწვევების შესახებ. მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის კონცეფციაზე, საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიის ობიექტების მშენებლობის აუცილებლობისა და იმპორტის ვალდებულების მინიმუმამდე დაყვანის საკითხებსაც.
ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უზრუნველყოფს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირებას, რაც, ევროკავშირის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას გულისხმობს.