2022-03-14
ელექტროგადამცემ ხაზზე „გარდაბანი“ სამუშაოები გრძელდება
საქართველო-აზერბაიჯანის ენერგეტიკული ინტერკონექციის გასაძლიერებლად, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 330 კვ. ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია არსებული ერთჯაჭვიანი 330 კვ. ეგხ „გარდაბანის“ გაორჯაჭვიანება, რაც უზრუნველყოფს ორჯერ მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის მიმოცვლას.
ელექტროგადამცემი ხაზი ქვესადგურების „გარდაბანი-500“ და „აღსტაფა“მეშვეობით ერთმანეთთან აკავშირებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდება სსე-ის კუთვნილი ქვესადგურის „გარდაბანი-500“ სრული რეკონსტრუქცია.
ელექტროგადამცემი ხაზის „გარდაბანი“ გაორჯაჭვიანების პროექტი საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმის მიხედვით ხორციელდება და მისი დასრულების შემდეგ, საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებს შორის შესაძლებელი გახდება 700-1000 მგვტ სიმძლავრის შეუფერხებლად მიმოცვლა, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ორ მეზობელ ქვეყანას შორის გამტარუნარიანობას და სინქრონული ოპერირების საიმედოობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
პროექტი 2021 წლის ივნისში დაიწყო და მისი დასრულება 2022 წლის ივნისისთვის იგეგმება.