2022-07-20
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის თანახმად, ყოველწლიურად, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის „ელექტროობა“ სტუდენტები გაივლიან პროფესიულ საგანმანათლებლო პრაქტიკულ კურსს სსე-ის სასწავლო ცენტრსა და ახალციხის ქვესადგურში. სასწავლო პრაქტიკა განხორციელდება ორი მიმართულებით: „ელექტროტექნიკური მასალები“ და „პროგრამირებადი ლოგიკური კონტროლერების პროგრამირება“. სტუდენტთა ჯგუფებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური რესურსით, გაეცნონ ქვესადგურის მუშაობის პრონციპებსა და სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის სამუშაო პროცესს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კვალიფიციური პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაა. ამ მიზნით, 2005 წლიდან კომპანიაში ფუნქციონირებს სასწავლო ცენტრი, რომელიც ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს მომავალ ენერგეტიკოსებს, ფეხი აუწყონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და აიმაღლონ კვალიფიკაცია.