ახალი ამბები

2022-09-08 

სამუშაო შეხვედრა ქართველ და სომეხ კოლეგებს შორის

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და სომხეთის „ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ გარნიკ ბალიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და სომხეთს შორის ავარიულ სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების შესახებ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ, სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ჰაკობ ვარდანიანმა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის დირექტორის მოადგილემ საქართველოში დევიდ ჰოფმანმა. ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“, „სომხეთის ელექტროენერგეტიკული სისტემის ოპერატორის“, „ბაზრის საანგარიშსწორებო ცენტრის“ და „ერევნის თბოელექტროსადგურის“ ხელმძღვანელმა პირებმა.

მისალმებისას, რომეო მიქაუტაძემ სომხეთის დელეგაციას საქართველოს ენერგეტიკულ სისტემაში მიმდინარე ტენდენციები გააცნო და ხაზი გაუსვა სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას რეგიონში ენერგეტიკული მდგრადობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

ქართველმა და სომეხმა კოლეგებმა განიხილეს სახელშეკრულებო პროექტები ელექტროენერგიის მიწოდებისა და კომერციული გადადინებებისას წარმოქმნილი გადახრების კომპენსირების თაობაზე, იმსჯელეს საგანგებო სიტუაციებში ელექტროენერგიის მიწოდების შეთანხმებებზე. ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან დაკავშირებას და მკვეთრად გაზრდის საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს. ასევე, საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსაც, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს საქართველოსა და სომხეთის ენერგეტიკულ სისტემებს შორის.

GeoarmL11.jpgGeoarmL22.jpgGeoarmL33.jpgGeoarmL44.jpgGeoarmL55.jpgGeoarmL66.jpg

კომუნიკაცია