2022-06-07
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს საერთაშორისო კოლოკვიუმზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა, ამავდროულად, CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამუზაშვილმა ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების რეგიონული გაერთიანების (SEERC) საერთაშორისო კოლოკვიუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.
სესიებსა და სამუშაო შეხვედრებზე განხილული იქნა ელექტროენერგეტიკის დარგის შემდეგი გამოწვევები: განახლებადი ენერგიის წყაროების ქსელში ინტეგრაცია, ქვეყნებში ელექტროენერგიის მოხმარების გაზრდილი მაჩვენებლები და მათი დაბალანსების საშუალებები, ბუნებრივ აირზე მოთხოვნის რადიკალური შემცირების ტენდენციები. შედგა სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მმართველობითი შეხვედრა, რომელზეც მსოფლიოს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ენერგეტიკული განვითარების ქრონოლოგიასა და პერსპექტივებზე.
CIGRE - საქართველოს წარმომადგენლებს დათმობილი ჰქონდათ სადისკუსიო პანელი, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ამჟამინდელი გამოწვევები და სამომავლო განვითარების გეგმები. CIGRE - საქართველოს წევრებმა წარადგინეს ქართული სამეცნიერო სტატია, რომლის მთავარ თემას მაღალი ძაბვის ქსელის ტოპოლოგიის მაღალსიხშირულ წინაღობებზე ზეგავლენის შეფასება წარმოადგენდა.
კოლოკვიუმის მონაწილეებმა ავსტრიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის ელექტროტექნიკურ ლაბორატორიაში მოინახულეს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი მუდმივი დენის ლაბორატორია, ცვლადი ძაბვის მაღალი ძაბვით გამოცდის დარბაზი და განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების მოწყობილობების ტესტირების ოთახი.
2018 წლიდან „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია. იმავე წელს, სსე-ის ინიციატივით, ჩამოყალიბდა CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტიც, რომელიც პირველი ეროვნული კომიტეტია რეგიონის მასშტაბით და მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემის შესახებ ელექტროენერგეტიკულ სამეცნიერო წრეებში ცნობადობის გაზრდა და ევროპელი და ქართველი ინჟინრების დაახლოება წარმოადგენს.