2022-06-08
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები საერთაშორისო კონფერენციაზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლობა ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში, კომპანია SIEMENS-ის ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.
კონფერენცია SCADA/EMS პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლებისთვის გაიმართა და მის მიზანს კომპანია SIEMENS-ის ექსპერტების მიერ სიახლეებისა და ინოვაციური ტენდენციების გაცნობა, სამუშაო ჯგუფებისთვის სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება და დისკუსიებში მონაწილეობის მიღება წარმოადგენდა.
სსე-ის მხრიდან გაკეთდა პრეზენტაცია SCADA/EMS-ის პროგრამული კომპლექტებისა და მისი მოდულების მუშაობის სპეციფიკის შესახებ, რამაც მკვეთრად გააუმჯობესა ელექტროენერგეტიკული სისტემის მართვის პროცესი საქართველოში, ხელი შეუწყო მეტი მოცულობის ინფორმაციის მიმოცვლას და ეფექტურ დისპეტჩირებას.
SIEMENS-ის უშუალო მონაწილეობით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ 2020 წელს წარმატებით დაასრულა დისპეტჩერული მართვისა და მონაცემთა შეგროვების სისტემის განახლების პროექტი, რომლის ფარგლებში სრულად განახლდა SCADA-ს პროგრამული და აპარატურული უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე, სისტემა ჰარმონიზებულია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების ქსელის სტანდარტებთან და პასუხობს სისტემისადმი წაყენებულ თანამედროვე მოთხოვნებს.