2022-01-05
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ბაზრის ოპერატორის საფასური დადგინდა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასური დაადგინა. 2022-2025 სატარიფო წლების მომსახურების საფასურად განისაზღვრა 7 226 ლარი/დღე. აღნიშნულმა გავლენა არ იქონია ელექტროენერგიის საბოლოო სამომხმარებლო ტარიფზე.
ორგანიზებული ბაზრების ამოქმედების შემდგომ პერიოდში, საფასურის ჯამური მოცულობა გადასახდელად გადაუნაწილდება საბითუმო ბაზრის ყველა დამოუკიდებელ მონაწილეს. საფასურის გაანგარიშება და ასანაზღაურებლად წარდგენა განხორციელდება „ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის წესებით“ განსაზღვრული მეთოდოლოგიის შესაბამისად. მომსახურების საფასურმა სრულყოფილად უნდა უზრუნველყოს იმ ხარჯების დაფინანსება, რაც წარმოიქმნება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ მიღებული ბაზრის ოპერატორის ლიცენზიით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისას.
ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურის დადგენა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმის ფარგლებში განხორციელდა. ტარიფის დადგენა ხელს შეუწყობს საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის განვითარებას და ევროპული საბაზრო მოდელის დანერგვას.