ახალი ამბები

2022-04-20 

საქართველო-რუმინეთის დამაკავშირებელი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე კვლევა ჩატარდება

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა განხორციელდება.

კვლევის მეშვეობით, დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები. კვლევაში ჩართულნი იქნებიან როგორც რუმინეთის, ასევე სამხრეთ კავკასიის სხვა დაინტერესებული მეზობელი ქვეყნების ენერგეტიკული კომპანიები. ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეული იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI განახორციელებს. კვლევითი და საკონსულტაციო მომსახურების გაწევის ხანგრძლივობა 18 თვეს შეადგენს.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წყალქვეშა მაღალი ძაბვის გადამცემი ქსელის მოწყობას ითვალისწინებს, რომელმაც ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი (1100 კმ - წყალქვეშა, ხოლო 95 კმ სახმელეთო ნაწილი), რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს მითითებულ რეგიონებს შორის. სტრატეგიული ინტერკონექტორის პროექტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს როგორც საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს შორის არსებულ დღის წესრიგში, ასევე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ENTSO-E-სთან თანამშრომლობის ფორმატში.

tskalqvesha-kabelis-proeqtze-small.jpg

კომუნიკაცია