2023-10-24
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“- ში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ შემეცნებითი ტურის ფარგლებში სკოლა-ლიცეუმ „მწიგნობართუხუცესის“ უფროსკლასელებს უმასპინძლა. სსე-ის სათავო ოფისში მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე. მოსწავლეებს ჩაუტარდათ პრეზენტაცია ენერგეტიკის თემაზე, მიიღეს ინფორმაცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრის შემდეგ, შემეცნებითი ტური მოსწავლეებისთვის სსე-ის ქვესადგურში „ნავთლუღი 220“ გაგრძელდა. უფროსკლასელებმა დაათვალიერეს ქვესადგური და მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზების და ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების დიაგნოსტირების პროცესში. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალ ენერგეტიკოსებს ეძლევათ სტაჟირების უსასყიდლოდ გავლის შესაძლებლობა მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან აქტიურ რეჟიმში ახორციელებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები. შესაბამისად, შემეცნებითი ტური სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაში გაიმართება.