2023-02-01
CIGRE SEERC-ის სამუშაო შეხვედრა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ გენერალური დირექტორის გიორგი გიგინეიშვილის ხელმძღვანელობით, ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციის (CIGRE SEERC) რიგით მესამე სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას იტალიის, თურქეთის, სლოვენიის, ავსტრიის, ხორვატიის, სერბეთის უკრაინის, კოსოვოს ენერგოკომპანიებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მიზანს ელექტროენერგეტიკული სისტემების მედეგობასა და სიმტკიცესთან დაკავშირებული საკითხების განხილვა წარმოადგენდა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ელექტროენერგეტიკულ სისტემაში დაფიქსირებული კონკრეტული შემთხვევებისა და საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების შესახებ. ისაუბრეს ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი კვლევებისა და თანამედროვე მიდგომების თაობაზე, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია რისკების ეფექტიანი შეფასება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა თავის პრეზენტაციაში ისაუბრა საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. პრეზენტაცია ასევე მოიცავდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის განვითარების გეგმას, რამაც გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება, გენერაციისა და მოხმარების ახალი წყაროების ქსელში ინტეგრაცია და მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან ენერგეტიკული კავშირის გაძლიერება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია. სსე-ის ინიციატივით, ჩამოყალიბდა CIGRE - საქართველოს ეროვნული კომიტეტი, რომლის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემის შესახებ ელექტროენერგეტიკულ სამეცნიერო წრეებში ცნობადობის გაზრდა და ევროპელი და ქართველი ინჟინრების დაახლოება.