2023-03-25
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მოძრაობას „დედამიწის საათი“ შეუერთდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლები გამწვანების აქციით მსოფლიოს უდიდეს გარემოსდაცვით მოძრაობას „დედამიწის საათი“ შეუერთდნენ და თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე 150 ძირი მარადმწვანე კვიპაროსის ნერგი დარგეს.
„დედამიწის საათი“ კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას ისახავს მიზნად. 2023 წელს, კამპანია უფრო მასშტაბური გახდა და სლოგანით „ინვესტირება ჩვენს პლანეტაზე“ საზოგადოებას ელექტროენერგიის დაზოგვის გარდა სხვა ქმედითი ღონისძიებებისკენ მოუწოდა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“კი უკვე ტრადიციად იქცა ჩვენი ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა და ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნების ხელშეწყობა. გამწვანების აქციას კომპანია ყოველწლიურად ახორციელებს და ცდილობს, თავისი წვლილი შეიტანოს ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებაში.