2023-11-14
გერმანიის ელჩის პეტერ ფიშერის ვიზიტი ქვესადგურში „ზესტაფონი 500“
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი, გერმანიის საელჩოს განვითარების სფეროში თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ლიდია კრისტმანი და KfW-ს განვითარების ბანკის თბილისის ოფისის დირექტორი ბირგიტ ჰოლდერიდი ქვესადგურს „ზესტაფონი 500“ ესტუმრნენ.
ვიზიტი გერმანიის საელჩოს მიერ ორგანიზებული მედიატურის ფარგლებში გაიმართა და გერმანიის თანამშრომლობით დასავლეთ საქართველოში განხორცილებული პროექტების ფარგლებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მონახულებას მოიცავდა. გერმანიის ელჩმა მოინახულა საქართველოს ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგური, რომელიც აერთიანებს ქვეყნის ენერგოსისტემის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილს და, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული რეაბილიტაციის შედეგად, სრულად პასუხობს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს.
პეტერ ფიშერს მასპინძლობა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა გიორგი ამუზაშვილმა გაუწია, რომელმაც ისაუბრა სსე-ის როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. საუბარი შეეხო KfW-ს განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, მათ შორის ქვესადგურის „ზესტაფონი 500“ რეაბილიტაციას და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარეობს. ქვესადგურში პირველი სარეაბილიტაციო სამუშაოები გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით, 1997-2000 წლებში ჩატარდა, სამუშაოების მეორე ეტაპი 2005-2007 წლებში განხორციელდა, შემდგომი რეკონსტრუქცია კი 2010-2012 წლებში. შემდგომ პერიოდში, სსე-მ პირადი რესურსით განახორციელა ქვესადგურის სრული რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, ქვესადგური აღჭურვილია თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მოწყობილობებით - მართვის ახალი ფარით, ციფრული დაცვის პანელებით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ელექტროენერგიის ძაბვის პარამეტრების ხარისხი და ქსელის საიმედოობა. გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და KfW-ს განვითარების ბანკის მეშვეობით „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს.