2023-07-11
მსოფლიო ბანკის მისია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების განხილვის მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე კახაბერ ქებურია მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოს რუმინეთთან დამაკავშირებელი „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“-ს ფარგლებში მიმდინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიმდინარეობის შეფასება და დასრულების თარიღის განხილვა, შემდგომი სახელმწიფოთაშორისო შეხვედრის საორგანიზაციო საკითხებისა და შავი ზღვის ფსკერის გეოლოგიური კვლევის შესასყიდად საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა.
შეხვედრის მონაწილე მხარეებმა შეაფასეს „ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტის“ ფარგლებში მიმდინარე 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „ჯვარი-წყალტუბო“ და ქვესადგურის „წყალტუბო 500“ მშენებლობის დასრულების თარიღები, გამოწვევები და მიღწეული პროგრესი.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მსოფლიო ბანკის დახმარებით, მთელ რიგ პროექტებს ახორციელებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ მჭიდრო კომუნიკაციას მიმდინარე პროექტების განხილვის, შეფასებისა და დაგეგმვის გზით.