2023-04-06
ოთხმხრივი შეხვედრა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში
საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის რესპუბლიკების მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, თბილისში ოთხი ქვეყნის სამთავრობო უწყებების მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, უნგრეთის ვაჭრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო, აზერბაიჯანის განახლებადი ენერგიის სააგენტოს დირექტორი ჯავიდ აბდულაევი, რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ ნიკულესკუ, რუმინეთის გადამცემი ქსელის „ტრანსელექტრიკა“ პრეზიდენტი გაბრიელ ანდრონაჩე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.
განსახილველ საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და საქართველოს და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის" და „ტრანსელექტრიკა“-ს მეშვეობით განხორციელდება. შედეგად, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
ამ ეტაპზე, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ საკონსულტაციო კომპანია CESI-ს დახმარებით ახორციელებს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. სამომავლოდ, პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდება გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების და გეოფიზიკურ/ გეოტექნიკური შავი ზღვის ფსკერის კვლევები. მათი მეშვეობით დადგინდება პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობები და საუკეთესო გზები.
ოთხი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობით, მნიშვნელოვნად განვითარდება ენერგეტიკის სექტორი, გაიზრდება მწვანე ენერგიების სატრანზიტო და ვაჭრობის შესაძლებლობები, ევროპული ენერგოსისტემები კი პოტენციურად დაუკავშირდებიან სამხრეთ კავკასიის რეგიონს.