2023-02-17
სამუშაო შეხვედრა ენერგოსექტორის რეფორმის ფარგლებში
საქართველოს ენერგოსექტორში მიმდინარე რეფორმის პროგრამის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში სსე-ის, KfW-ს განვითარების ბანკისა და კომპანია Gopa Intec-ის წარმომადგენლების, საერთაშორისო და ქართველი ექსპერტების ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს საქართველოში მწვანე წყალბადის და მისი წარმოებულების (PtX) მისაღებად საჭირო სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა. კონსულტანტებმა გამოთქვეს მზაობა, მხარი დაუჭირონ საქართველოში განახლებადი ენერგიების წარმოებას და გასცენ რეკომენდაციები იმ საკანონმდებლო/მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფისთვის, რომელიც საქართველოს ენერგეტიკის პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში დაეხმარება.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ქმედით ნაბიჯებს დგამს განახლებადი ენერგიის წყაროების ენერგოსისტემასთან მიერთების კუთხით და ორიენტირებულია სუფთა ენერგიის წარმოების წყაროების მისაღებად საჭირო ღონისძიებებზე. გრძელვადიან პერსპექტივაში, საქართველოში არსებული ელექტროენერგეტიკული რესურსების ეფექტიანად გამოყენება ხელს შეუწყობს გენერაციისა და მოხმარების ახალი წყაროების ქსელში ინტეგრაციას და გააძლიერებს მეზობელი ქვეყნების ენერგოსისტემებთან ენერგეტიკულ კავშირს.