2023-03-31
შეხვედრა სვანეთის რეგიონის ჰესების დეველოპერებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი სვანეთის რეგიონის მშენებარე და პერსპექტიული ჰესების დეველოპერებს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს არსებული და პერსპექტიული სადგურებიდან სიმძლავრის გამოსატანად საჭირო პროექტების განხორციელებისა და მათი ქსელში ინტეგრაციის საკითხების განხილვა წარმოადგენდა.
გიორგი გიგინეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ უახლოეს მომავალში გამოაცხადებს ტენდერს 500/110/35 კვ „იდლიანის“ დახურული ტიპის ქვესადგურის მშენებლობაზე. პროექტის განხორციელების შედეგად, რეგიონის არსებული და პერსპექტიული სადგურები დაუკავშირდება იდლიანის ახალ ქვესადგურს, რაც უზრუნველყოფს სადგურების სიმძლავრის საიმედო გამოტანას ელექტროგადამცემ ქსელში, საბოლოო ჯამში კი, მკვეთრად გააუმჯობესებს სვანეთის ენერგომომარაგებას. სსე პროექტს საკუთარი სახსრებით, ორი წლის ვადაში განახორციელებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისთვის“ ახალი ენერგოობიექტების მშენებლობა მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიდა მოხმარების უზრუნველყოფის, ისე სატრანზიტო და საექსპორტო პოტენციალის ათვისების კუთხით. სსე ჰესების წარმომადგენლებთან მჭიდრო კომუნიკაციას მომავალშიც გააგრძელებს, რათა ხელი შეუწყოს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გენერაციის ობიქტებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობას.