2023-03-31
შემეცნებითი ტური ქვესადგურში „ზესტაფონი 500“
შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ქვესადგურს „ზესტაფონი 500“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშის საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს საქართველოს ენერგომომარაგებისთვის საკვანძო ქვესადგური, რომელიც აერთიანებს ქვეყნის ენერგოსისტემის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილს. სსე-ის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს ქვესადგურის მართვის პრინციპები, რაც სრულად პასუხობს თანამედროვე ევროპულ სტანდარტებს, მიაწოდეს ინფორმაცია მაღალი ძაბვის ქსელისა და ძალოვანი ენერგეტიკული დანადგარების ფუნქციონირების შესახებ.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან აქტიურ რეჟიმში ახორციელებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები.