2023-06-26
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ Siemens -ის მიერ ორგანიზებულ Spectrum Power-ის მომხმარებლების კონფერენციაზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორმა დისპეტჩერიზაციის საკითხებში გიორგი ამუზაშვილმა მონაწილეობა მიიღო კომპანია Siemens-ის მიერ ორგანიზებულ Spectrum Power-ის მომხმარებლების კონფერენციაში. კონფერენციაზე განხილული იქნა გადამცემი და გამანაწილებელი ქსელის ოპერატორების ცენტრალური მართვის სისტემის, მისი მოდულების (SCADA/EMS) განვითარებისა და მოთხოვნების თანამედროვე ტენდენციები. კონფერენცია მოიცავდა წამყვანი ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას, დისკუსიებსა და დებატებს ენერგეტიკის სექტორში არსებულ გამოწვევებზე.
პარალელურად ჩატარდა საქმიანი შეხვედრა სსე-სა და Siemens AG-ის ხელმძღვანელ პირებს შორის, სადაც საუბარი შეეხო კომპანიებს შორის სამომავლო ურთიერთობების სტრატეგიებსა და გეგმებს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“, ამიერკავკასიაში პირველად, 2009 წელს, კომპანია Siemens-მა, Spectrum Power-ის ბაზაზე, დანერგა SCADA/EMS სისტემა, რაც მოიცავდა ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარის დამონტაჟებას და ექსპლოატაციაში გაშვებას. პროექტის შედეგად შესაძლებელი გახდა ქვესადგურებიდან და სადგურებიდან სრული ინფორმაციის მოკლე დროში მიღება, გაუმჯობესდა ორდინარულ და ავარიულ სიტუაციებში რეაგირების ოპერატიულობა. 2020 წელს განხორციელდა აღნიშნული სისტემის სრული განახლება, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა ელექტროენერგეტიკული სისტემის უსაფრთხო და საიმედო მართვის პროცესი.