2023-10-20
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და ENTSO-E-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელს (ENTSO- E) შორის გამჭვირვალობის პლატფორმისათვის მონაცემთა მიწოდების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს სსე-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და ENTSO-E-ს გენერალურმა მდივანმა სონია ტვოჰიგიმ.
ხელშეკრულება უკავშირდება გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელში გაწევრიანების გზაზე ფუნდამენტური თანამშრომლობის დაწყებას და გულისხმობს „ქსელის წესებით“ განსაზღვრული ინფორმაციის (გადამცემი სისტემის დაგეგმვა, ოპერირება, ელექტროენერგიის გენერაცია, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა...) საჯაროობას და გამოქვეყნებას ENTSO-E -ის პლატფორმაზე.
ევროკავშირის რეგულაციის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სისტემატურად აქვეყნებს მონაცემებს გამჭვირვალობის პლატფორმაზე, წარმოდგენილი ხელშეკრულების პროექტით კი სსე დაადასტურებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები არის შესაბამისი ხარისხისა და სიზუსტის.
აღნიშნული შეთანხმება სსე-სთვის ENTSO- E -ს დამკვირვებლის, შემდგომში კი, პოტენციური წევრობის გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. ENTSO-E-სთან თანამშრომლობის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ შესაძლებლობა ექნება, გააღრმავოს თანამშრომლობა ევროპის მასშტაბით მოქმედ გადამცემი სისტემის ოპერატორებთან, რაც გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, ხელს შეუწყობს, როგორც პროფესიული და ინსტიტუციური შესაძლებლობების ზრდას, ასევე გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივას და ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის გაღრმავებას.
ENTSO-E 35 ქვეყანაში მოქმედ 39 გადამცემი სისტემის ოპერატორს აერთიანებს და მიზნად ისახავს შიდა ენერგეტიკული ბაზრის ოპტიმალური და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფას.