2024-02-12
შემეცნებითი ტური „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ შემეცნებითი ტურის ფარგლებში მარტყოფის №1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა. სსე-ის სათავო ოფისში უფროსკლასელებს პრეზენტაციები ჩაუტარდათ როგორც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში, ასევე ზოგადი ენერგეტიკის შესახებ, მათ შორის განახლებადი ენერგიის წარმოების განვითარებაზე. მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ენერგეტიკის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე.
მოსწავლეებმა მოინახულეს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი და გაეცნენ მისი ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე.
შემეცნებითი ტურის ფარგლებში უფროსკლასელები ასევე ეწვივნენ „ნავთლუღი 220-ს“. ქვესადგურის დათვალიერებისას, მიიღეს ინფორმაცია ელექტროგადამცემი ხაზებისა და ზოგადად ქვესადგურების ფუნქციონირების შესახებ, უშუალოდ ჩაერთნენ სხვადასხვა ელექტრომოწყობილობით ელექტროგადამცემი ხაზების შემოწმების პროცესში, დაესწრნენ დიაგნოსტიკის სამსახურის ლაბორატორიაში დამცავი საშუალებების მაღალი ძაბვით გამოცდის პროცესს.
მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ სსე-ის სასწავლო ცენტრი, სადაც მომავალი ენერგეტიკოსები უსასყიდლოდ გადიან სტაჟირებას მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 2016 წლიდან ატარებს შემეცნებით ტურს თბილისისა თუ რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის, რაც, პირველ რიგში, ახალი თაობის ენერგეტიკის დარგით დაინტერესებას ემსახურება. სსე ორიენტირებულია, მეტ ახალგაზრდას გააცნოს კომპანიაში მიმდინარე მასშტაბური პროექტები და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები.
შემეცნებითი ტური სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის მთელი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.








