2024-06-06
„გარდაბანი 500“-ში ახალი ავტოტრანსფორმატორები მონტაჟდება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ კუთვნილ ქვესადგურში „გარდაბანი 500“ 3 ცალი 330 კვ 133 მვა ავტოტრანსფორმატორის მონტაჟი ხორციელდება.
ქვესადგურში არსებული ავტოტრანსფორმატორების ნაწილს საექსპლუატაციო ვადა ამოეწურა. აუცილებელი გახდა მათი ახალი მოწყობილობებით ჩანაცვლება.
მაისის თვეში განხორციელდა ძველი ავტოტრანსფორმატორების დემონტაჟი, უჯრედიდან გამოტანისა და ფუნდამენტზე მონტაჟის სამუშაოები, ხოლო ივნისიდან დაიწყო ახალი ავტოტრანსფორმატორების მონტაჟი, რომლის დასრულება 2024 წლის ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. მიმდინარე სამუშაოებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ტრანსფორმატორების სარემონტო სამსახური ახორციელებს.
„გარდაბანი 500“ წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემის საკვანძო ქვესადგურს, შესაბამისად, 330 კვ-იანი სასისტემო მნიშვნელობის ავტოტრანსფორმატორები წარმოადგენს აზერბაიჯანის ენერგოსისტემასთან მუშაობის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს და დიდი როლი აკისრია ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის თვალსაზრისით.
პროექტის განხორციელების შედეგად, შესაძლებელი გახდება აზერბაიჯანის ელექტროსისტემასთან ოპერატიული, გამართული და სინქრონული მუშაობის რეჟიმის უზრუნველყოფა, მნიშვნელოვნად გაიზრდება ქვეყნის ენერგოსისტემის საიმედოობა, ხოლო მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი და სტაბილური ელექტრომომარაგებით.