2024-09-19
გიორგი გიგინეიშვილმა სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა სსე-ის სასწავლო ცენტრის 11 კურსდამთავრებულს სერტიფიკატები გადასცა.
ახალგაზრდა სპეციალისტების სწავლება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი სტუდენტთა კიდევ ერთმა ჯგუფმა დაასრულა, რომელსაც პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები ერთი წლის განმავლობაში უტარდებოდა. კურსდამთავრებულთა უმეტესობა საქმიანობას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში გააგრძელებს.
სსე აღნიშნულ პროგრამას 2005 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ენერგეტიკის დარგის პოპულარიზაცია და კომპანიის ახალი, კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. ამ პერიოდის განმავლობაში, პროგრამა 302-მა სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 238 კურსდამთავრებული კომპანიაში დასაქმდა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სასწავლო ცენტრი ყოველგვარი ფინანსური სარგებელის გარეშე, საშუალებას აძლევს ყველა მომავალ, თუ ქმედით ენერგეტიკოსს, ფეხი აუწყოს თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს და ენერგეტიკის დარგში ერთ-ერთ მოწინავე კომპანიაში დასაქმდეს.