2024-06-10
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ შავი ზღვის ფსკერის შესწავლის პროექტს განახორციელებს
საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა. ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა ხელი მოაწერეს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკური და გეოტექნიკური შესწავლის სასესხო შეთანხმებას, ხოლო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი გიგინეიშვილმა და როლანდ პრაისმა - საპროექტო შეთანხმებას. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე და ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
პროექტი, რომელსაც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განახორციელებს, ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოფიზიკურ და გეოტექნიკურ შესწავლას და ტექნიკურ დახმარებას ინსტიტუციურ, იურიდიულ და ფინანსურ საკითხებში. პროექტის განსახორციელებლად IBRD-ის მიერ გამოიყო 32,400,000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით.
შავი ზღვის ფსკერის შესწავლა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ ფარგლებში განხორციელდება. „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი” ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები.