ახალი ამბები

2025-11-14 

მწვანე ენერგიის განვითარების რიგით მე-11 მინისტერიალი

საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმების ფარგლებში, თბილისში, რიგით მე-11 მინისტერიალი გაიმართა.
ოთხმხრივი შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის თავმჯდომარეობით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრის ფარვიზ შაჰბაზოვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის ბოგლარკა ილეშის და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის კრისტიან ბუსოის მონაწილეობით გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რუმინეთის, ბულგარეთის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის და უნგრეთის ელჩები საქართველოში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორების ხელმძღვანელი პირები. ასევე, მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მიმოიხილა საქართველოში ენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები. ყურადღება გაამახვილა საქართველოს როლზე მწვანე ენერგიისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების განვითარების მიმართულებით.
მინისტერიალზე „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ წარადგინა პრეზენტაცია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის პროგრესის შესახებ, მის მნიშვნელობაზე და სამომავლოდ განსახორციელებელ ნაბიჯებზე. ისაუბრა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი მიმზიდველი და განხორციელებადია. აღსანიშნავია, რომ პროექტი შეტანილია ევროპის გადამცემი სისტემის ოპერატორების გაერთიანების (ENTSO-E) 10 წლიანი განვითარების გეგმაში და ევროკომისიაში საერთო მნიშვნელობის პროექტების (PMI) წინასწარ შერჩეულ სიაში.
მინისტერიალზე მხარეებმა განიხილეს წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები და შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ანგარიში.

ministerial S (11).jpgministerial S (7).jpgministerial S (5).jpgministerial S (9).jpgministerial S (2).jpgministerial S (6).jpgministerial S (1).jpgministerial S (3).jpgministerial S (4).jpgministerial S (8).jpgministerial S (10).jpg

კომუნიკაცია