2025-12-24
ნარჩენების მართვის ტრენინგი „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებს პირველად ჩაუტარდათ ნარჩენების მართვის მასშტაბური ტრენინგი, რომელიც საფუძველს დაუდებს გარემოსდაცვითი კუთხით პერსონალის კვალიფიკაციის სხვადასხვა მიმართულებით ამაღლებას.
სსე-ის სამომავლო ხედვა კომპანიის საქმიანობის მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებით განხორციელებას ეფუძნება, სადაც ნარჩენების ეფექტური მართვა მდგრადი განვითარების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიზანია თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება, პრაქტიკული ცოდნის გაძლიერება და თანამედროვე გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს ნარჩენების შემცირებას და შემდგომში მათ უფრო ეფექტიანად მართვას, როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ტრენინგი გაიარა სსე-ის სათავო ოფისსა და რეგიონებში დასაქმებულმა 70-ზე მეტმა თანამშრომელმა, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორმა პროექტების მართვის საკითხებში რუსუდან შამუგიამ გადასცა.







