2025-05-21
სამუშაო შეხვედრა დიდ ბრიტანეთში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ გაერთიანებული სამეფოს ბიზნესისა და ვაჭრობის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ბრიტანული მხარისთვის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის დეტალების გაცნობა და მათი გამოცდილების გაზიარება ინტერკონექციის პროექტების განვითარების მხარდაჭერისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში. ასევე ბრიტანეთის პრაქტიკის გაცნობა წყალქვეშა კაბელების პროექტების მიმართულებით, რომელიც კომპანიას სამომავლოდ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შემდგომ კვლევებსა და ტექნოლოგიურ განვითარებაში დაეხმარება.
შეხვედრებს საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ხოლო ბრიტანეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლები და საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი.
შეხვედრები გაიმართა, როგორც გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და ნულოვანი ემისიის დეპარტამენტის (Department for Energy Security and Net Zero) წარმომადგენლებთან და სისტემის ოპერატორთან NESO, ასევე წყალქვეშა კაბელების კიბერუსაფრთხოებისა და ფიზიკური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე და კერძო ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ, როგორც კაბელის მარშრუტის სახმელეთო და საზღვაო კვლევით ღონისძიებებს, ასევე სამშენებლო სამუშაოებს.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო All-Energy Exhibition and Conference 2025-ში, რომელიც გაერთიანებული სამეფოს უდიდესი გამოფენა-ღონისძიებაა განახლებადი ენერგიისა და ენერგიის გადაცემის მიმართულებით.


