2025-03-21
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ წარდგენა ევროკომისიაში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრმა ზვიად გაჩეჩილაძემ მონაწილეობა მიიღო ქალაქ ბრიუსელში, ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანი სამომავლო ენერგეტიკული პროექტების განხილვის მიზნით გაიმართა.
ზვიად გაჩეჩილაძემ თავის პრეზენტაციაში ისაუბრა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ ტექნიკური მახასიათებლებისა და სამხრეთ კავკასიისა და ევროპის რეგიონისთვის მისი მნიშვნელობის შესახებ. აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსის (PMI) მოსაპოვებლად, 2024 წელს ევროკომისიამ გამოაცხადა PCI (Projects of Common Interest)/PMI (Projects of Mutual Interest) პროექტების მიღების კონკურსი, სადაც, სხვა ქვეყნების მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, წარდგენილი იქნა „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“. სწორედ საკონკურსო პროექტების განხილვას უკავშირდებოდა ბრიუსელში გამართული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ კანდიდატი პროექტების წარმდგენი ქვეყნების შესაბამისი სამინისტროებისა და მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები. საქართველოს მხრიდან შეხვედრას ონლაინ ფორმატში ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.
„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ" უკვე განახორციელა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ პროექტი პერსპექტიული და ტექნიკურ-ეკონომიკურად განხორციელებადია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის, გარემოსა და სოციალური ზემოქმედების შეფასების კვლევების ჩასატარებლად მოსამზადებელი სამუშაოები.
