2025-06-12
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE SEERC-ის მე-5 საერთაშორისო კონფერენციაზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ დიდი ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კომიტეტის (SEERC) საერთაშორისო კონფერენციაზე 13 სტატია წარადგინა.
კონფერენციაზე, რომლის ფარგლებშიც 24 ქვეყნიდან 135 სტატია იყო მიღებული, ერთ-ერთ საუკეთესო სტატიად სსე-ის თანამშრომლების ფიქრია ელიზარაშვილისა და თამარ ჯიქიას მიერ მომზადებული სტატია დასახელდა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგეტიკულ სისტემაში ჰიდროსადგურების ოპტიმიზაციას ეხებოდა, ხოლო CIGRE საქართველოს ეროვნული კომიტეტი დაჯილდოვდა კონფერენციაში აქტიური ჩართულობის და ორგანიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა: რეგიონული გამოწვევები და ინტერკონექცია; განახლებადი ენერგიებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია; ელექტრული სისტემების საიმედოობა და კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობა.
აღსანიშნავია, რომ CIGRE საქართველოს ეროვნული კომიტეტი 2018 წელს სწორედ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივით ჩამოყალიბდა და მას შემდეგ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ CIGRE-ს ოფიციალური წევრია. ეროვნული კომიტეტის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საქართველოს ენერგოსისტემის შესახებ ელექტროენერგეტიკულ სამეცნიერო წრეებში ცნობადობის გაზრდა და ევროპელი და ქართველი ინჟინრების დაახლოება.

