2025-09-26
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ინოვაციური ციფრული პლატფორმა დაინერგა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ინოვაციური ციფრული პლატფორმა- MV-90 xi, დაინერგა. ახალი სისტემის პრეზენტაციას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი დაესწრო.
ინოვაციური პლატფორმა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ციფრულ განვითარებაში და განკუთვნილია აღრიცხვის მოწყობილობებიდან მონაცემების ავტომატურად შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზისთვის.
სისტემა თავსებადია 50-ზე მეტი მწარმოებლის 300-ზე მეტ მოწყობილობასთან. უზრუნველყოფს მაღალი დონის მოქნილობას, იძლევა ინტეგრაციის შესაძლებლობებს და ზრდის კონკურენციას ელექტროენერგიის აღრიცხვის ბაზარზე. პლატფორმა ასევე უზრუნველყოფს დისტანციური აღრიცხვის მოწყობილობების ავტომატურ წაკითხვას, მონაცემთა დაცვას, შენახვასა და ანგარიშების ავტომატურ ფორმირებას.
ახალი პლატფორმა MV-90, რომელიც სრულად შეესაბამება ელექტროენერგიის ბაზრის მოთხოვნებს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ჩაანაცვლებს ამჟამად მოქმედ აღრიცხვის სისტემა „ალფაცენტრს“ და თანამედროვე ტექნოლოგიური ფუნქციონალის, ინტეგრაციის და კიბერუსაფრთხოების საშუალებით უზრუნველყოფს გამოწვევების სწრაფად და ეფექტიანად მოგვარებას.
პრეზენტაციას, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ესწრებოდნენ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Itron Inc-ის საქართველოს ფილიალის, სემეკის, ენერგეტიკული ბირჟის, „ენგურჰესის“, „თელასის“, „ენერგო-პროს“, ესკოს და სხვა ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.














