2025-06-04
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, TEİAŞ-სა და SEE CAO-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, თურქეთის ელექტროენერგიის გადამცემ კორპორაცია TEİAŞ-სა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კოორდინირებულ აუქციონის ოფისს SEE CAO-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსე-ის გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა, TEİAŞ-ის გენერალურმა მენეჯერმა ორჰან ქალდირიმმა და SEE CAO-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ფილიპ მარკოვიჩმა.
მემორანდუმის ფარგლებში განისაზღვრა სსე-ს, TEİAŞ-სა და SEE CAO-ს შორის სამომავლო თანამშრომლობა საქართველოს, თურქეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრებზე ინტერკონექციის გამტარუნარიანობის კოორდინირებულ განაწილებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი იქნება, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტრეიდერებისათვის და განახლებადი ენერგიის მწარმოებლებისათვის. შეთანხმების ფარგლებში მხარეებმა გამოხატეს სამუშაო ჯგუფის შექმნის მზაობა. ჯგუფი შეისწავლის SEE CAO-ს პლატფორმის საქართველოში გამოყენებისა და ერთობლივი აუქციონების ჩატარების პერსპექტივებს, განსაზღვრავს სიმძლავრის განაწილების პროცესის განსახორციელებლად პოტენციურ პრობლემებს და მათი დაძლევის ღონისძიებებს. შედეგების საფუძველზე მომზადდება SEE CAO-ს პლატფორმაზე სსე-სა და TEİAŞ-ის მონაწილეობით საქართველო-თურქეთის საზღვარზე ერთობლივი აუქციონების ორგანიზებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა.
SEE CAO წარმოადგენს მონტენეგროში დაფუძნებულ, ტრანსსასაზღვრო გამტარუნარიანობის განაწილების ცენტრალიზებულ პლატფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთობლივი აუქციონებით საზღვარზე ტრანსსასაზღვრო სიმძლავრის განაწილებას. პლატფორმით სარგებლობენ ხორვატიის, ბოსნია და ჰერცოგოვინას, მონტენეგროს, ალბანეთის, კოსოვოს, საბერძნეთის, თურქეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის და იტალიის ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორები.
