2025-07-11
ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ ტაჯიკეთის ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. დელეგაცია, ტაჯიკეთის ენერგეტიკისა და წყლის რესურსების მინისტრის მოადგილის საფარზოდა მანუჩეჰრ ბახოდურის ხელმძღვანელობით, სსე-ს ენერგეტიკის დარგში გამოცდილების გაცნობის მიზნით ეწვია.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს რეფორმები, რომელიც „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა. სსე-ის დირექტორთა საბჭოს წევრებმა ზვიად გაჩეჩილაძემ და გიორგი ამუზაშვილმა სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისა და კომპანიის განვითარების ეტაპების, განხორციელებული წარმატებული პროექტების, ასევე ელექტროენერგეტიკული ბაზრის ფუნქციონირების პრინციპებისა და ბაზრის რეფორმის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, ტაჯიკეთის დელეგაციის წევრებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის გამართულ მუშაობაზე.








