2025-09-27
ვანო ზარდიაშვილი BAG-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი დაესწრო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას „საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა: მაკროეკონომიკური და სექტორული პერსპექტივები“.
კონფერენცია პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გამოსვლით გაიხსნა და მასში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმა, ასევე სახელმწიფო და ბიზნეს სექტორების წარმომადგენლებმა.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება დაუთმო სახელმწიფო საწარმოებში განხორციელებულ ოპტიმიზაციას, რის შედეგადაც 700 მლნ ლარი დაიზოგა, ასევე ისაუბრა ინფრასტრუქტურის მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე. პრემიერის თქმით, უზრუნველყოფილი იქნება სამართლიანი კონკურენცია, რამაც უნდა უზრუნველყოს ხარჯეფექტიანობისა და შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება.
ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე ოპტიმიზაციის პროცესზე ისაუბრა მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები დააანონსა, რის შედეგად ქვეყნის ენერგოსისტემას დიდი რესურსი გამოუჩნდება მსხვილი პროექტების დასაჩქარებლად. მინისტრმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები გამჭვირვალე და ამავდროულად ხისტი და სამართლიანი იქნება.






