2026-02-13
შეხვედრა ენერგეტიკული კომპანია Končar-ის წარმომადგენლებთან
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი ხორვატიის ენერგეტიკული და ელექტროინჟინრული კომპანიის Končar – Electrical Industry Inc. გაყიდვებისა და ბაზრის განვითარების დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორს ივან დაიჯიჩს შეხვდა.
შეხვედრაზე, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო ელექტროენერგიის გადაცემისა და განაწილების ინფრასტრუქტურის განვითარებას, ქვესადგურების მოდერნიზაციასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს ინოვაციური საინჟინრო გადაწყვეტილებებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ენერგოსისტემის ეფექტიანობისა და საიმედოობის გაზრდის პერსპექტივებზე.
კომპანია Končar – Electrical Industry Inc. ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ინდუსტრიული ტექნოლოგიების სფეროში ოპერირებს და დღეს ევროპაში ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს წარმოადგენს.







