2026-02-05
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ და Transelectrica-ს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და რუმინეთის გადამცემი სისტემის ოპერატორის Transelectrica-ს აღმასრულებელმა დირექტორმა შტეფანიცა მუნტეანუმ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების მიზნით, ბუქარესტში ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმს.
შეთანხმება ითვალისწინებს თანამშრომლობის ჩარჩოს ჩამოყალიბებას, რომელიც მიმართული იქნება მხარეების კოორდინირებულ მუშაობაზე პროექტის მომზადებისა და განვითარების მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ პროექტისთვის საჭირო სხვადასხვა ტიპის კვლევების, მათ შორის შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური, ფინანსური, სამართლებრივი/მარეგულირებელი, გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების კვლევების ჩატარების კუთხით. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებში ინსტიტუციური წარმომადგენლობის კოორდინირებულ უზრუნველყოფას.
ხელმოწერის ღონისძიებას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრები ზვიად გაჩეჩილაძე და სოფიო კევლიშვილი.
მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის კაბელის პროექტის პროგრესი და შეთანხმდნენ სამომავლოდ ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე. აღნიშნეს, რომ მემორანდუმის ხელმოწერა პროექტის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას გულისხმობს.
წელს იტალიური საკონსულტაციო კომპანია CESI-ს მიერ განხორციელებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ პროექტი ტექნიკურად და ეკონომიკურად განხორციელებადია. პროექტი შეტანილია ელეტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპული ქსელის (ENTSO-E) 2022 და 2024 წლების ათწლიანი ქსელის განვითარების გეგმაში (TYNDP) და წარდგენილია ENTSO-E TYNDP 2026 გეგმაში შეტანის მიზნით. 2025 წელს ევროკომისიამ პროექტი ორმხრივი ინტერესის პროექტების (PMI) სტატუსის მისაღებ სიაში შეიტანა.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ითვალისწინებს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ქსელის მოწყობას, რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები. პროექტის რეალიზაცია ხელს შეუწყობს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას.








