2026-02-02
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ მრჩეველთა საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში, სსე-ის გენერალური დირექტორის ვანო ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით, ბიზნესსექტორის მრჩეველთა საბჭოს რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა, სსე-ის მენეჯმენტთან ერთად, განიხილეს ყველა ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარებისთვის და ახალი გენერაციის ობიექტების გადამცემ ქსელში ინტეგრაციისთვის. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მრჩეველთა საბჭოს სამთვიანი მუშაობა საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა, კერძო სექტორში გაჩნდა რეალური მოლოდინი, რომ წლების განმავლობაში შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურ ფაზაში გადავა.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობაზე, მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტის განხორციელება იქნება სტიმული კერძო სექტორისთვის, ახალი გენერაციის ობიექტების ასაშენებლად.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის ინიციატივით, მრჩეველთა საბჭოს სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში მოქმედი სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებიც. ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ იქნება ქართული კომპანიების მთავარი პარტნიორი ბიზნესის განვითარების მიმართულებით.
მრჩეველთა საბჭო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორის ვანო ზარდიაშვილის ინიციატივით 2025 წლის 3 ნოემბერს შეიქმნა და დაკომპლექტებულია ენერგეტიკისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებით. საბჭოს მიზანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო და გამჭვირვალე თანამშრომლობის ჩამოყალიბება, რაც ხელს შეუწყობს ენერგოსისტემისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას.































