2026-04-02
ვანო ზარდიაშვილი IT კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში მოქმედი მსხვილი ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.
ვანო ზარდიაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს წარუდგინა მათი ჩართულობით საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის ინიციატივა, რომლის მიზანი კომპანიის IT მიმართულებით შესყიდვების პროცესების მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ბაზარზე კონკურენციის თანაბარი პირობების შექმნა იქნება.
ინიციატივა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში პროექტების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
საკონსულტაციო ჯგუფის ფორმირება მოხდება კომპანიების გამოცდილების, პროფესიული კვალიფიკაციისა და სანდოობის გათვალისწინებით. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ ინფორმაციული და ოპერაციული ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებს. მსგავსი ფორმატის შეხვედრები მიზნად ისახავს IT მიმართულებით თანამედროვე მიდგომების დანერგვას და კომპანიისთვის მნიშვნელოვანი პროექტების უფრო გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში განხორციელებას.








