2026-05-19
ხელმოწერა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა ვანო ზარდიაშვილმა და SOCAR-ის პრეზიდენტმა როვშან ნაჯაფმა, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების ძირითადი პირობების შესახებ.
შეთანხმების თანახმად, განისაზღვრა მხარეებს შორის განსახორციელებელი ელექტროენერგიის ტრანზიტის ძირითადი პირობები, რომლებიც 2027 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ტრანზიტი განხორციელდება აზერბაიჯანიდან თურქეთში, ხოლო შეთანხმების საერთო ვადა 20 წელს შეადგენს. ასევე, ამავე შეთანხმებით, წინასწარ განისაზღვრა ტრანზიტის ღირებულება პირველი სამი წლისთვის, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო და სისტემური დაგეგმვის გაუმჯობესებას.
აღნიშნული შეთანხმება უზრუნველყოფს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სამართლებრივ და ფინანსურ გამყარებას, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში და შექმნის გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობისა და სტაბილური პარტნიორობის საფუძველს.
ვანო ზარდიაშვილი ბაქოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, მარიამ ქვრივიშვილთან, ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა. ელექტროენერგიის ტრანზიტის მომსახურების ძირითადი პირობების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი დაესწრო.






