2019-07-03
ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სვანეთში მდებარე ელექტროგადამცემ ხაზზე „იფარი“ აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. სოფელ კალას მიმდებარე ტერიტორიაზე, ალპურ ზონაში, ზვავმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზის 72-ე ანძა, რამაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჰიდროელექტროსადგურის „მესტიაჭალა 1-2“ის მიერ გამომუშავებული სიმძლავრის ქსელში ინტეგრირება.
ელექტროგადამცემი ხაზი „იფარი“ ერთმანეთთან აკავშირებს ქვემო სვანეთისა და მესტიის რაიონების ქვესადგურებს და მისი ძირითადი მარშრუტი ზღვის დონიდან 3000 მეტრზე გადის. აღდგენითი სამუშაოების ფარგლებში, გაიწმინდა გზის 12 კმ-იანი მონაკვეთი, მათ შორის 5 კმ ალპურ ზონაში მდებარეობდა, სადაც დიდი იყო ზვავსაშიშროების რისკი. მიუხედავად სტიქიური საფრთხეებისა და მუშაობისთვის შეუსაბამო კლიმატური პირობებისა, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლების თავდაუზოგავი და მაღალკვალიფიციური მუშაობის შედეგად, დაზიანება უმოკლეს დროში, სრულად აღმოფხვრეს. გარდა ამისა, პრევენციის მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე დაემატა კიდევ ერთი ანძა.
ელექტროგადამცემი ხაზის „იფარი“ გამართულ და საიმედო მუშაობას დიდი მნიშვნელობა აქვს სვანეთის ენერგომომარაგებისა და ტურიზმის განვითარების კუთხით.