2018-10-09
ელექტროენერგეტიკული ბაზრების მომზადების სამუშაო სესია მიუნხენში
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დელეგაციამ, საკონსულტაციო კომპანიის Blueberries GMBH მიერ, გერმანიის ქალაქ მიუნხენში გამართულ სამუშაო სესიაში მიიღო მონაწილეობა.
სესია მიეძღვნა საქართველოში ორგანიზებული ელექტროენერგეტიკული ბაზრების - დღით ადრე, დღის შიგნით და საბალანსო ბაზრების გახსნის მომზადების საკითხებს. შეხვედრებში, Bluberries ექსპერტებთან ერთად, ჩართულები იყვნენ ნორვეგიული კომპანია Nord Pool Consulting-ის კონსულტანტები და საბალანსო ბაზრისთვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებელი კომპანიის - Siemens-ის წარმომადგენლები.
მხარეებმა განიხილეს ორგანიზებული ბაზრების ფუნქციონირებისთვის საჭირო ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა, ბაზრების სამოქმედო კონცეფცია, ბიზნეს-მოდელი და ორგანიზაციული სტრუქტურა, იმსჯელეს კავშირებზე ორგანიზებულ ბაზრებსა და ელექტროენერგეტიკული სექტორის სხვა წამყვან კომპანიებს შორის. ევროპელი და ქართველი ექსპერტების მიერ, ერთობლივად შეფასდა რეფორმის ჩატარებისას მოსალოდნელი გამოწვევები და ჩამოყალიბდა შედეგებზე ორიენტირებული კონკრეტული სამოქმედო პროგრამა.
მიუნხენის სამუშაო სესიის შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პროექტის მმართველი კომიტეტის ჩამოყალიბების თაობაზე, რომლის შემადგენლობაშიც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის უფროსი გიორგი ჩიქოვანი, Nord Pool Consulting-ის, Blueberries GMBH-ის წარმომადგენლები და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე დასახელდნენ. კომიტეტის დაფუძნების აქტი წარედგინება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო უწყების წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად.