ახალი ამბები

2019-03-20 

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერის პროექტი გაიხსნა

ევროკავშირის ტექნიკური თანამშრომლობის ფარგლებში, სსე-ს სათავო ოფისში პროექტის - „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მხარდაჭერა ენერგეტიკულ სექტორში მოქმედი რეგულაციების დანერგვაში“ პრეზენტაცია და პირველი საორგანიზაციო შეხვედრა გაიმართა.

პროექტი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. მის მთავარ მიზანს საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ხელშეწყობა და ელექტროენერგეტიკის სფეროს ოთხი ძირითადი მიმართულების განვითარება წარმოადგენს. კერძოდ, პროექტი გულისხმობს მიწოდების უსაფრთხოების სამართლებრივი და სამოქმედო ჩარჩოს შექმნას, ქვედა დონის მარეგულირებელი ნორმატიული სივრცის განვითარებას, გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის ევროპულ ნიმუშებზე დაყრდნობით სტანდარტული და ტიპური ხელშეკრულებების შემუშავებას, ენერგეტიკის სფეროში გადამცემი სისტემის ოპერატორების ევროპულ ქსელთან (ENTSO – E) თანამშრომლობის გაღრმავებას და მისი შესატყვისი სტანდარტების დანერგვას საქართველოს ენერგეტიკაში.

პროექტს კომპანიათა კონსორციუმი Elia Grid International და LDK ახორციელებს და მისი ხანგრძლივობა 18 თვეს შეადგენს.

პროექტის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წარმომადგენლები.

evrokavshiris programa 1 rez.jpgevrokavshiris programa 2 rez.jpgevrokavshiris programa 3 rez.jpg

კომუნიკაცია