2018-05-15
საქართველოში CIGRE-ს ეროვნული კომიტეტი ჩამოყალიბდა
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, საქართველოში ჩამოყალიბდა დიდი ელექტროენერგეტიკული სისტემების საერთაშორისო საბჭოს (CIGRE) ეროვნული კომიტეტი. კომიტეტში გაწევრიანდნენ სსე-ს, ენერგოტრანსისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ელექტრული სისტემების საერთაშორისო საბჭო არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1921 წელს, საფრანგეთში დაარსდა და აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით, ელექტროენერგეტიკის დარგში მოღვაწე გადამცემი სისტემის ოპერატორებს, მწარმოებლებს, ექსპერტებს, უნივერსიტეტებსა და სადისტრიბუციო კომპანიებს. ასევე, ორგანიზაცია არის ამ სექტორში მიმდინარე პროგრესისა თუ არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მთავარი მკვლევარი და შემფასებელი.
CIGRE-ს საქართველოს ეროვნული კომიტეტი მის წევრებს შესაძლებლობას აძლევს, გაწევრიანდნენ ორგანიზაციაში არსებულ კვლევით კომიტეტებსა და სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც იკვლევენ ელექტროენერგეტიკის დარგის 16 მიმართულებას. შესაბამისი დასკვნებიდან გამომდინარე, აყალიბებენ სტანდარტებს და სახავენ დარგის სამომავლო განვითარების პერსპექტივებს. ამასთანავე, მათთვის სრულიად უფასოდ, ან სპეციალურ ფასად ხელმისაწვდომი გახდება CIGRE-ს უზარმაზარ ელექტრონულ ბიბლიოთეკაში განთავსებული ნებისმიერი სახის კვლევა თუ პუბლიკაცია.
საქართველოს ეროვნული კომიტეტის წევრობით, სსე შეძლებს აქტიურად ჩაერთოს ელექტროენერგეტიკის დარგში არსებული ინოვაციებისა და ტექნოლოგიების შეფასების პროცესში და იმყოფებოდეს მიმდინარე მოვლენების ეპიცენტრში.
CIGRE-ს საქართველოს ეროვნული კომიტეტი მზად არის გააწევრიანოს დარგში მოღვაწე ნებისმიერი ორგანიზაცია, მეცნიერი, სტუდენტი და ექსპერტი. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ეროვნული კომიტეტის ადმინისტრაციულ ასისტენტს: teona.elizarashvili@gse.com.ge.