2018-05-14
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ილიაუნის სტუდენტები ესტუმრნენ
დღეს, 14 მაისს, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „მინერალური რესურსებისა და ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება“ სტუდენტები ესტუმრნენ.
სტუდენტებმა დაათვალიერეს სსე-ს სათავო ოფისში განთავსებული, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ენერგოსისტემის ოპერატიულ მართვაზე, ჩაუტარდათ ლექცია ზოგად ენერგეტიკაზე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში. ლექციის შემდეგ, შეხვედრა დინამიურად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საუბარი შეეხო ენერგიის განახლებადი წყაროებისა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას, საქართველოს ენერგოეფექტურობის ზრდის პოტენციალს და თანამედროვე მსოფლიოს იმ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას.
ცენტრალური სადისპეტჩეროდან სტუდენტები სსე-ის ქვესადგურს „ნავთლუღი-220“ და სსე-ს სასწავლო ცენტრს ესტუმრნენ, მოინახულეს სასწავლო პოლიგონი, რომლის სამუშაო გარემო მაქსიმალურად არის მიახლოვებული იმ რეალურ გარემოსთან, სადაც ქვესადგურის პერსონალს უწევს მუშაობა.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ში სტუდენტებთან შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.