2019-04-22
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სატრანსფორმატორო პარკს ახალი ტრანსფორმატორები შეემატა
მიმდინარე წლის აპრილის თვეში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სატრანსფორმატორო პარკს 6 ახალი ტრანსფორმატორი, 3 ავტოტრანსფორმატორი და 3 ძალოვანი ტრანსფორმატორი შეემატა.
ქუთაისის ქვესადგურში 125 მვა ავტოტრანსფორმატორები ჩანაცვლდება 220კვ-იანი 200მვა სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორებით, ხოლო არსებული გადატანილი იქნება ქვესადგურებში „მენჯი-220“ და „წყალტუბო-220“. გლდანის ქვესადგურში უკვე დამონტაჟდა 220კვ. 200მვა სიმძლავრის ავტოტრანსფორმატორი, ხოლო არსებული 125მვა ავტოტრანსფორმატორი გორის ქვესადგურში იქნა გადატანილი. ამ დრომდე, მენჯის, წყალტუბოს და გორის ქვესადგურებში მხოლოდ ერთი ავტოტრანსფორმატორი ფუნქციონირებდა, რაც ექსპლუატაციის თვალსაზრისით, გარკვეული რისკის შემცველი იყო. ასევე, ქვესადგურში „გლდანი-220“ 16 მვა ტრანსფორმატორები ჩანაცვლდა 40მვა-ებით, ხოლო დემონტირებული ტრანსფორმატორები ქვესადგურებში: „ახმეტა-110“ და „წნორი-110“ განთავსდა. 80 მვა-იანი ძალოვანი ტრანსფორმატორი დაიდგა ქ/ს „დიდუბე-220“-შიც.
ტრანსფორმატორების და ავტოტრანსფორმატორების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად ამაღლდება დედაქალაქის, შესაბამისი რეგიონების და მთლიანად ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობა, მომხმარებლები უზრუნველყოფილნი იქნებიან უწყვეტი, ხარისხიანი და სტაბილური ელექტრომომარაგებით.