2018-11-07
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ შემეცნებითი ტური ადიგენის მუნიციპალიტეტის უფროსკლასელებისთვის
შემეცნებითი ტურის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს ადიგენის მუნიციპალიტეტის სკოლების უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა მოინახულეს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში მდებარე ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ჩაუტარდათ ლექცია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ როლსა და მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკის განვითარების საქმეში.
ეროვნული სადისპეტჩეროს შემდეგ, უფროსკლასელები ნავთლუღის ქვესადგურსა და სსე-ს სასწავლო ცენტრის პოლიგონს ესტუმრნენ, სადაც უშუალო მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ელექტრომოწყობილობის ტესტირების პროცესში. ტურის ფარგლებში, მათ ასევე დაათვალიერეს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური (ზაჰესი), მოისმინეს ჰესის ისტორია და გაეცნენ ელექტროენერგიის გამომუშავების პროცესს.
„ძალიან კმაყოფილები ვართ. ვიმედოვნებ, რომ ეს ტური ჩვენს მოსწავლეებს პროფესიის სწორად განსაზღვრაში დაეხმარება, რადგან ენერგეტიკის განვითარება შეუქცევადი პროცესი და ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღეა,“ - აღნიშნა ადიგენის საჯარო სკოლის დირექტორმა გიორგი ქომეთიანმა.
ახალი თაობის დაინტერესება ენერგეტიკის სფეროთი სსე-სთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრებს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მომავალშიც განახორციელებს.