2017-09-18
განცხადება ბათუმი-ახალციხის პროექტის შესახებ
ბათუმი-ახალციხის პროექტი, რომელიც გულისხმობს ახალციხის არსებული 500/400/220 კვ-იანი ქვესადგურის ბათუმის არსებულ 220 კვ-იან ქვესადგურთან დამაკავშირებელი ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას, ხორციელდება შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების (BS, ГОСТ) დაცვით.
პროექტის განსახორციელებლად კონცეპტუალური დიზაინი მოამზადა შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს (AGL) მიერ დაქირავებულმა კონსულტანტმა “Mott MacDonald’s”-მა, სსე-ს, ენერგეტიკის სამინისტროსა და AGL-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ კონცეპტუალურ დიზაინში უკვე გათვალისწინებული იყო სამშენებლო ზონის გეოლოგიური კვლევის შედეგები. ხოლო, მშენებლობის ეტაპზე თითოეული ანძის პოლიგონზე ინდივიდუალურად განხორციელდა გეოლოგიური კვლევა, შესაბამისი ფუნდამენტების ტიპისა და კლასის განსაზღვრისათვის. კვლევას ახორციელებდა პროექტის კონტრაქტორი კომპანია KEC.
გეოლოგიური ანგარიში მომზადდა სსიპ გ.წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ქანების საშენი მასალების თვისებების და ხარისხის კონტროლის განყოფილების საგამოცდო ლაბორატორიაში ქანების გრუნტების მექანიკის მიმართულებით 50 წლის სტაჟის მქონე, აკადემიური დოქტორის, გიორგი ბალიაშვილის მიერ. ანძების მშენებლობა განხორციელდა სწორედ იმ ადგილებზე, სადაც კვლევამ აჩვენა, რომ ეს დასაშვები იყო და მოცემული გრუნტები მისაღები იყო ანძის დამონტაჟებისათვის.
ფუნდამენტის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობისას, ექსკავაციის პერიოდში №318 ანძის ტერიტორიაზე ჩამოიშალა მიწის ფენა, რის გამოც პროექტის ზედამხედველ ინჟინერთან GOPA-International Energy Consultants GmbH კონსულტაციის დასტურის საფუძველზე, აუცილებელი გახდა ანძის მდებარეობის ცვლილება.
№317-318 ანძებს შორის მისასვლელი გზის მოწყობის დროს (მისასვლელი გზა განკუთვნილი იყო გეოლოგიური კვლევის ჩასატარებლად), ზემოქმედება განიცადა ფარტენაძეების ნაკვეთმა. რისი აღდგენის ვალდებულებაც კონტრაქტის პირობების მიხედვით აკისრია კონტრაქტორ კომპანიას KEC International Limited, რომელიც ადგილზე აწარმოებს მშენებლობას. პროექტი ჯერ არ დასრულებულა, მშენებლობის პროცესშია. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია KEC-ი პროექტის დასრულებამდე არ შეასრულებს თავის ვალდებულებას და არ მოიყვანს ნაკვეთს პირვანდელ მდგომარეობაში, არსებობს კონტრაქტის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რის საფუძველზეც მოხდება აღნიშნული ტერიტორიის აღდგენა.